მიმდინარე პროექტები

„ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში“


2014 წლიდან სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურადაა ჩართული ტემპუსის პროექტის „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხისა და აღიარების ხელშეწყობა სომხეთსა და საქართველოში“ განხორციელებაში. სამწლიანი პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის განათლების, აუდიო-ვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს მიერ და მასში ჩართულია ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი ინსტიტუციები სომხეთსა და საქართველოში.


პროექტის მიზანია ტრანსნაციონაოლური უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება, რეგულირებისა და აღიარების ხელშეწყობა, შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბება. პროეტის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორია იუნესკოს საერთაშორისო განათლების დაგეგმვის ინსტიტუტი, რომლის ერთ-ერთი ვალდებულებაა პროექტის ფარგლებში OECD/UNESCO სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინება.

პროექტის ფარგლებში განვითარდება ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და ინდიკატორები, ინდიკატორების პილოტირება განხორციელდება პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

პროექტის ზოგადი მიზნებია:
- სომხეთსა და საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ორგანოების შესაძლებლობების განვითარება, ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური მენეჯმენტის განსახორციელებლად,
- ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარება და ინტეგრირება დაწესებულებებში, რომლებიც სთავაზობენ ტრანსნაციონალურ განათლებას,
- ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების განვითარება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებისათვის, ტრანსნაციონალური განათლების პროვაიდერ უნივერსიტეტებში ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების ეფექტურად განსახორციელებლად.
- ტრანსნაციონალური განათლების მიწოდების რეგულირების, ხარისხის უზრუნველყოფის და აღიარების უზრუნველყოფა სომხეთსა და საქართველოში.

პროექტის კონსორციუმი შედგება 18 პარტნიორი დაწესებულებისაგან. ტემპუსის პროექტის კოორდინატორია ფრანგული უნივერსიტეტი სომხეთში. პროექტის პარტნიორები არიან: დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (QAA), ბელგიის ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების ევროპული ფონდი (EFMD), სომხეთის განათლების ხარისხის ცენტრი (ANQA), იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტი (საფრანგეთი), კავკასიის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და სომხეთში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ტრანსნაციონალური განათლების ტრენინგ პაკეტი


საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მომზადდა ტრენინგ პაკეტი უმაღლესი განათლებისა და ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის უზურნველყოფის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებისა და სტუდენტების უწყვეტი პროფესიული განათლების ხელშეწყობისათვის. ტრენინგ პაკეტი შეისწავლის ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებს დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, სომხეთში, საქართველოსა და ინტერნაციონალიზაციის საკითხს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში და ახდენს საკითხების იდენტიფიცირებას შემდგომი ანალიზისათვის.

ტრენინგ პაკეტი

პრეზენტაცია

ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპები

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინირებით მომზადდა დოკუმენტი „ტრანსნაციონალური განათლება - საქართველოს კონტექსტი.“ დოკუმენტში ასახულია საერთაშორისო პრაქტიკა, ტრანსნაციონალურ განათლებასთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტებები, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში გავრცელებული ტრანსნაციონალური განათლების პროვაიდერებისა და პროგრამის მობილობის ტიპები, ტრანსნაციონალური განათლების საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპები. დოკუმენტი ასახავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას ტრანსნაციონალური განათლების კუთხით, საერთაშორისო ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხს, გაანალიზებულია არსებული აკრედიტაციის სტანდარტები და მათი მიმართება ევროპულ სტანდარტების, გაიდლაინებისა და ერთობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ მიდგომებთან.

ტრანსნაციონალური განათლება - საქართველოს კონტექსტი


პრეზენტაცია განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტი, 21 სექტემბერი, 2015

მსგავსი ბმულები:
პროექტის ოფიციალური ვებგვერდი - http://tne-qa.com/
შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხილვა ტრანსნაციონალური განათლების პროექტის ფარგლებში
სამუშაო შეხვედრა იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტში

 

„სამაგისტრო პროგრამა განათლების მენეჯმენტში: ლიდერების აღზრდა საგანმანათლებლო რეფორმებისათვის“

ევროკავშირის განათლების, აუდიო-ვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო და ხორციელდება ტემპუსის პროგრამის ფარგლებში სამწლიანი პროექტი რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების მენეჯმენტის ტრანსფორმაციას სომხეთში, საქართველოში და ახალი სამაგისტრო პროგრამის განვითარებას უმაღლესი განათლების მენეჯმენტში.


პროექტის ამოცანებია:
- უმაღლესი განათლების მენეჯმენტში სამაგისტრო პროგრამის განვითარება;
- ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება ახალი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების მიზნით (სწავლა, სწავლება და პროგრამის მენეჯმენტი)
- ცვლილებებზე ორიენტირებული დიალოგის ხელშეწყობა განათლების სფეროს დაინტერესებულ მხარეთა შორის განმანათლებელთა პროფესიული ასოციაციის დაარსების გზით.
პროექტის მიზანია სამაგისტრო პროგრამის განვითარება, სადაც ინტეგრირებული იქნება სწავლებისა და სწავლის ინოვაციური და უმაღლესი განათლების მენეჯმენტის მეთოდები. პროექტის შედეგად განვითარებული პროგრამის კურიკულუმი და ხარისხის უზრუნველყოფა თავსებადი იქნება ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან.

პროექტი მოიცავს 9 სამუშაო პაკეტს:
1. სასწავლო პროგრამების განვითარება;
2. თანამშრომელთა შესაძლებლობების გაზრდა;
3. ახალი სასწავლო პროგრამის პილოტირება;
4. ახალი სამაგისტრო პროგრამის პირველადი აკრედიტაცია;
5. განათლების სპეციალისტების პროფესიული ასოციაციის დაარსება;
6. პროექტის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
7. ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი;
8. პროექტის შედეგების მდგრადობა;
9. პროექტის მენეჯმენტი.

მსგავსი ბმულები:
ოფიციალური ვებგვერდი: http://www.mahatma.am/
საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ოთხ ქართულ უნივერსიტეტში განათლების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამებს შეამოწმებს
განათლების მენეჯმენტის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტები დასრულდა 



ტემპუსის პროექტი MathGeAr*

პროექტის მიზანი:
სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათემატიკის კურიკულუმების მოდერნიზაცია.

პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ფინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. მისი კოორდინატორია ზაარლანდის უნივერსიტეტი. საქართველოს მხრიდან პროექტში მონაწილეობენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი.

მსგავსი ბმულები:
http://www.mathgear.eu/


* Modernization of Mathematics Curricula for Engineering and Natural Sciences in South Caucasian Universities by Introducing Modern Educational Technologies
სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მათემატიკის კურიკულუმების მოდერნიზაცია სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით

მოგწონთ ახალი საიტი ?

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge